სიახლეები
"პალიტრა მედიამ" დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გამართა
”პალიტრა მედიის” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, ”მაკულატურა=გადარჩენილი ბუნება+გადარჩენილი წიგნები” გაიმართა.

ღონისძიება სიმბოლურად დედამიწის დღეს მიეძღვნა, რადგან პროექტის ფარგლებში ხდება უსარგებლო ლიტერატურის ჩაბარება და შემდგომში მისი ქაღალდის მასალად გადამუშავება, რისი საშუალებითაც ძალიან ბევრი ხე მოჭრას და განადგურებას გადაურჩება. გარდა ამისა პროექტის ფარგლებში აღმოჩენილია ბევრი უნიკალური წიგნი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ მოიპოვებოდა. 2012 წლიდან დღემდე, ამ პროექტის საშუალებით, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდი 27 296 წიგნით გამდიდრდა. გამოფენაზე ორგანიზატორებმა პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტომასალა და უნიკალური გამოცემები წარმოადგინეს.

”ეს იდეა ოთხი წლის წინ გაჩნდა და მოჰყვა იმ დიდ გამოკითხვას, რომელიც თან ახლდა 50 წიგნის არჩევას. ძალიან ხშირად ადამიანები წუხდნენ იმის გამო, რომ გააჩნდათ ძალიან ბევრი უსარგებლო და ძველი წიგნები. მაშინ გაჩნდა ”მედია პალიტრაში” ასეთი აზრი, რომ მაკულატურის გადამუშავებაზე გვეფიქრა და შეიქმნა პროექტი, რომელსაც ჩვენ ”მაკულიტერატურა” დავარქვით.

როდესაც ეს წიგნები გროვდებოდა, თვალში მომხვდა ბევრი უნიკალური წიგნი. დავუკავშირდი ბიბლიოთეკას და ვთხოვე, როგორმე მიგვეხედა ამ ამბისთვის. ქალბატონი დალი შალვაშვილი და მისი გუნდი ამ დიდ მთებში ეძებდნენ წიგნებს. მათ მე ”წიგნების არქეოლოგები” დავარქვი. ასეც დარჩა ეს სახელი. დღეს უკვე არის აღმოჩენილი 7 000 უნიკალური ეგზემპლარი, ის წიგნები, რომელიც პრაქტიკულად ბიბლიოთეკაში არ იყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ამ პროექტს აქვს ძალიან ღირსეული და საამაყო გაგრძელება. ის მაკულატურა, რაც ფასეული არ არის, გადამუშავდება ჰიგიენურ ქაღალდში. საქართველოში ეს ერთადერთი თვითგადამუშავებადი პროექტია.

ეს ღონისძიება დავამთხვიეთ დედამიწის დღეს და გარდა ამისა ამ დღეებში აღინიშნება პალიტრის 21 წლის იუბილე, გვინდოდა რომ გვეამაყა ამ პროექტით, რომელიც ნამდვილად საამაყოა”, - განაცხადა მედია პალიტრის კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ.
ღონისძიებაზე ”პალიტრა მედიასა” და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.