სიახლეები
”პალიტრა მედიას” ინტერნეტ სარეკლამო გაყიდვები 2013 წელს 81,3%-ით გაიზარდა
როგორც ”პალიტრა მედიას” სარეკლამო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინა შარვაშიძე აცხადებს, რეკლამის დამკვეთების მხრიდან ინტერნეტ რეკლამის მიმართ ასეთ დაინტერესებას ის შესაძლებლობები განაპირობებს, რაც ამ ტიპის რეკლამას გააჩნია.

”კერძოდ, ინტერნეტ რეკლამის განთავსებისას რეკლამის დამკვეთს აქვს მრავალფეროვანი არჩევანი - განათავსოს ვიდეო, ინტერაქტიული, არასტანდარტული რეკლამა მაღალრეიტინგულ საიტებზე, რაც მისი პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვებსა და ცნობადობაზე დადებითად აისახება,” - ამბობს ირინა შარვაშიძე და ინტერნეტ სარეკლამო გაყიდვების 80 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს მიმდინარე წლისთვისაც.

რაც შეეხება რეკლამის სხვა მიმართულებებს, ”პალიტრა მედია” ჰოლდინგში შემავალმა ბეჭდურმა მედია საშუალებებმა შარშან სარეკლამო გაყიდვების 11,4%-იანი ზრდა აჩვენეს და მიმდინარე წელსაც 12%-იან ზრდაზე გეგმავენ გასვლას.

”რადიო პალიტრას” კი, გასულ წელს სარეკლამო გაყიდვებში 17%-იანი ზრდა ჰქონდა. მიმდინარე წლისთვის რადიო გეგმავს რეკლამის გაყიდვების 30%-ით გაზარდოს.

აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგს გასული წლის მიწურულს ახალი მიმათულებები: ტელევიზია და გარე რეკლამა (outdoor) დაემატა. შესაბამისად, სარეკლამო დეპარტამენტი წელს ამ მიმართულებებზე სარეკლამო გაყიდვების გააქტიურებას გეგმავს.

ირინა შარვაშიძის თქმით, საერთო ჯამში, ქართული სარეკლამო ბაზრის გააქტიურებისა და გამოცოცხლების ტენდენცია აშკარად შესამჩნევია, რაც განაპირობებს კიდეც ”პალიტრა მედიას” სარეკლამო დეპარტამენტის პოზიტიურ მოლოდინებს მიმდინარე წლისთვის.